თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა საკრებულოში ბრიფინგი გამართა და ფრაქციის ინიციატივაზე ისაუბრა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გამოდის ინიციატივით, მოსკოვის გამზირს არჩილ ტატუნაშვილის სახელი დაერქვას.
დეპუტატის განცხადებით, რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები, ამასთანავე, რუსები ქართველ მოქალაქეებს იტაცებენ და კლავენ, როგორც ეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი არჩილ ტატუნაშვილის შემთხვევაში მოხდა.
„ამ ვითარებაში საქართველოს დედაქალაქში ჩვენ გვაქვს მოსკოვის გამზირი. ეს არის ორი სრულიად შეუთავსებელი რამ. კერძოდ, ერთი მხრივ, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომი, მეორე მხრივ, საქართველოს დედაქალაქში მოსკოვის გამზირი“, - განაცხადა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმს.